GSAC

ენერგეტიკული უსაფრთხოება

„საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“ (GSAC) იწყებს მუშაობას  ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე 

Read more

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება წარმოადგენს სახელმწიფოს უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. თავის მხრივ, ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის აუცილებელია, როგორც ოპერატიული პრობლემების გადაწყვეტა, ასევე საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების და მასთან დაკავშირებული ტაქტიკური სამოქმედო გეგმების დამტკიცება. აღნიშნულთან დაკავშირებით, გარკვეული სასარგებლო მასალა არის განთავსებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (იგი ითავსებს ენერგეტიკის სფეროს მუშაობასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობას; თუ რამდენად ეფექტურია ასეთი ინსტიტუციური მოწყობა, ცალკე მსჯელობის თემაა) ვებ-გვერდზე: ენერგეტიკული პოლიტიკის მიზანი და ძირითადი მიმართულებები, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ანგარიში. საქართველოს სახელმწიფოებრიობის მდგრადობის გამყარებისთვის თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების გაგრძელება, რომელმაც უნდა გასცეს პასუხი ძირითად კითხვებს: რას ნიშნავს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოება და რა სტრატეგიით მიიღწევა იგი?

    დღევანდელ გლობალური ხასიათის სამყაროში, სადაც ენერგორესურსებით ვაჭრობა ყოველწლიურად ტრილიონ დოლარს აღემატება, ქვეყნების, როგორც იმპორტიორების, ასევე ექსპორტიორების ენერგეტიკულ დამოუკიდებლობაზე საუბარი წარსულს ჩაბარდა. საერთაშორისო ბაზარზე არიან დამოკიდებული, როგორც ენერგიის იმპორტიორი, ასევე ექსპორტიორი ქვეყნები. მაგალითად, 2019 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების 40% – ის ფორმირება (დაახლოებით 7.5 ტრილიონი რუბლი)[1] მოხდა ნავთობისა და გაზის, მათ შორის, უპირატესად, ექსპორტის ხარჯზე. შესაბამისად, რუსეთი უფრო არის დამოკიდებული ენერგორესურსების ექსპორტზე საერთაშორისო და კონკრეტულად ევროპულ ბაზარზე, ვიდრე იმპორტიორები არიან დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსების შეძენაზე. ეს ტენდენცია, ანუ საერთაშორისო ენერგეტიკული თანამშრომლობის სისტემაში ეფექტური მონაწილეობის მნიშვნელობა საქართველოს მაგალითზეც ვლინდება, მითუმეტეს, რომ ჩვენ ვართ გახსნილი, ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანა. შესაბამისად, ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოება დამოკიდებულია სამ ძირითად კომპონენტზე:

    ა) ენერგეტიკის სფეროში საკუთარი პოტენციალის ჯეროვანი და ეფექტური ათვისება;

    ბ) ენერგიის, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარების რაციონალური სტრუქტურის ჩამოყალიბება;

    გ) საერთაშორისო ენერგეტიკული ურთიერთობების სისტემაში სრულფასოვანი მონაწილეობა.

    რა თქმა უნდა, პრობლემის განუყოფელ ნაწილს და ყველაზე სახიფათო კომპონენტს წარმოადგენს რუსეთის ფაქტორი, რომელიც აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებას და საჭიროების შემთხვევაში უყოყმანოდ გამოიყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ენერგეტიკული პოლიტიკის ბერკეტებს. რაც არა ერთხელ განუხორციელებია და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩრდილოეთ ნაკადი 2 არის ამგვარი პოლიტიკის ნათელი დადასტურება.

    თანამედროვე  სამყაროში იაფ ენერგორესურსებზე წვდომა სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს. არსებული კვლევების თანახმად, 2010-2040 წლებში ენერგომოხმარება 1,4 ჯერ გაიზრდება და შეადგენს 18 მილიარდ ტონა ნავთობის ეკვივალენტს.[2] ეს ფაქტი კი განსაკუთრებით ყურადსაღები უნდა იყოს ისეთი ქვეყნებისათვის, რომლებსაც ბუნებრივი ენერგორესურსების მწირი მარაგები გააჩნიათ. ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება საქართველოც, რომლის ეკონომიკის მომავალი განვითარებისათვის სწორი ენერგოპოლიტიკის შემუშავება სასიცოცხლოდ მნიშნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

    შესაბამისად, საკითხის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის შემუშავებაში ჩართულნი უნდა იყვნენ, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები. აუცილებელია, რომ მოხდეს მათი სინქრონული მუშობა, რაც საბოლოო ჯამში ერთ მიზანს, საქართველოს სწორი ენერგოპოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას მოემსახურება.

    ზემოაღნიშნულიდან გარემოებების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 15 აპრილიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში“ (GSAC) ფუნქციონირება დაიწყო ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელმაც დაისახა მიზანი – მოახდინოს საქართველოს ენერგეტიკული გარემოს შესწავლა და იმ გამოწვევებისა და საფრთხეების ინვენტარიზაცია და შეფასება, რაც პოტენციურად შესაძლოა წარმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისათვის, როგორც უახლოეს, ისე საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.

    ნიშანდობლივია, რომ მ. წ. 7 მაისს      საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში გაიმართა დაგეგმილი ღონისძიებებიდან პირველი მრგვალი მაგიდა თემაზე, რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკის სფეროში მოღვაწე ყველა აქტორის ინტერესს და მცირე გამონაკლისის გარდა ასახავს საზოგადოებრივ კონსენსუსს: „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები”. შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარები და ენერგოუსაფრთხოების ექსპერტები. შეხვედრის მონაწილეთა მიერ დისკუსია წარიმართა საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე, განვითარების პერსპექტივებზე და გამოწვევებზე, აგრეთვე, რუსეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეებზე. უმთავრეს საფრთხეებს შორის იდენტიფიცირებულ იქნა რუსეთის კაპიტალის ღია და განსაკუთრებით შენიღბული, ფარული მონაწილეობა ენერგოგენერაციისა და გადამცემი სიმძლავრეების პროექტების განხორციელების პროცესებში, აგრეთვე რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტზე შესაძლო დამოკიდებულება. ეს გახლდათ სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე გუნდის პირველი მცდელობა, მომხდარიყო ფართო დისკუსიის გახსნა, აღნიშნულ სექტორში არსებული რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.

    დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ საზოგადოების ფართო ჩართულობა, გამჭირვალობა და აზრების გაცვლის თავისუფალი სივრცე უზრუნველყოფს ქართული ენერგეტიკის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დაძლევის შესაძლებლობას. ეს წარმოადგენს აგრეთვე კორუფციული რისკების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებას.   ჩვენი ცენტრი მზად არის თანამშრომლობისათვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამ პლატფორმაზე ნებისმიერ მსურველს ექნება საკუთარი მიდგომების დასაბუთებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. დაპირისპირების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ოპონენტების აზრის ყურადღებით მოსმენით, ევროპულ ფასეულობებსა და თანამშრომლობის კრიტერიუმებზე დაფუძნებული მაღალი კულტურის დიალოგის ტრადიციების უზრუნველყოფით.

    მსგავსი შეხვედრები, არასამთავრობო და საჯარო სტრუქტურების, დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლების ფართო ჩართულობით, უთუოდ წაადგება ქვეყანას ენერგოპოლიტიკის სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში, გახდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი.

    პროექტზე მუშაობას დავიწყებთ საქართველოს ენერგეტიკის ისტორიული ნაწილის შესწავლით, შესაბამისი კვლევების გამოქვეყნებით. ამავე საკითხს მიეძღვნება კონფერენცია სექტემბრის პირველ ნახევარში.

    [1]https://1prime.ru/state_regulation/20190919/830338839.html

    [2]https://www.eriras.ru/files/perspektivy-mirovoj-energetiki-do-2040.pdf

შუქრუთის მაცხოვრებელთა პროტესტი

Read more

  •                                                                                                                 რა დაგვანახა

                                                                ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებელთა პროტესტმა

    უკანასკნელ დღეებში განსაკუთრებით მწვავე ხასიათი მიიღო ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მაცხოვრებელთა პროტესტმა. მათი განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ (რომელიც აწარმოებს ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით საქმიანობას) განხორციელებული ქმედებების გამო, სოფელ შუქრუთში ცხოვრება შეუძლებელი ხდება – სოფლის ქვეშიდან, მაღაროების მეშვეობით მანგანუმის გამოღებითი  სამუშაოების შედეგად, იბზარება და ინგრევა სახლები, ეზოებში ჩნდება უზარმაზარი ნაპრალები. ყოველივე ამის შეკეთება ან აღდგენა კი, მათი განცხადებით, გარე ჩარევითი მეწყერული პროცესების გამო, ფაქტიურად შეუძლებელი ხდება.

    ამასთან, კომპანიის მიერ არ ხდება შესაბამისი კომპენსაციების გაცემა მოსახლეობისათვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი დანგრეული სახლ-კარისა და მეურნეობის აღდგენა ან საერთოდ, მოახერხონ სხვაგან გადასახლება. კომპანიამ მხოლოდ რამდენიმე მოსახლესათვის გამოყო მიზერული თანხა და ისიც, მათი შეუპოვარი პროტესტის შემდეგ.

    შუქრუთელების განცხადებით, მდგომარეობა განსაკუთრებით გაუარესდა 2017 წლიდან, როდესაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზში“ დაინიშნა სპეციალური სახელმწიფო მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელსაც თითქოსდა, უნდა გამოესწორებინა ის ხარვეზები, რომელსაც კერძო კომპანია აწარმოებდა მანგანუმის მოპოვების პროცესში. მოხდა კი პირიქით –  ახლა უკვე კერძო კომპანია და სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი წარმომადგენლები, უნისონში ახდენენ მანგანუმის უკონტროლო მოპოვებას, რომელსაც მოსახლეობის კერძო საკუთრება და რაც მთავარია მათი ჯანმრთელობა და მომავალი ეწირება.

    ამ ეტაპზე, მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოები ხორციელდება ჭიათურის რ-ნის 14 სოფელში ან მათ მიმდებარედ. სამუშაოების წარმოება ხდება ღია (კარიერული) ან დახურული (მიწისქვეშ გათხრილი მაღაროების მეშვეობით) წესით. უნდა აღინიშნოს, რომ ნორმების უხეში დარღვევის გამო, ორივე მეთოდით წარმოებული სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული სოფლების ირგვლივ კატასტროფული ეკოლოგიური მდგომარეობა შეიქმნა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კომპანიის მიერ ღია წესით წარმოებული მოპოვებითი სამუშაოების კერებში, სადაც, ფაქტიურად, გაუდაბნოების პირასაა მისული ტერიტორიები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ტყეებითა და წყაროებით დაფარულ მდიდარ რაიონებს წარმოადგენდნენ. დახურული წესით წარმოებული სამუშაოების შედეგად, მიწის ზედაპირზე არსებული შენობა-ნაგებობები საცხოვრებლად/გამოსაყენებლად უვარგისი ხდება, ამასთან, არ ხდება კომპენსაციის გადახდა მოსახლეობისათვის. კატასტროფული ვითარებაა თავად ჭიათურაშიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება. ქალაქზე დიდი ტვირთამწეობის ავტომობილებით, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის, აგრეთვე, ფოთის პორტის მიმართულებით, ხდება მანგანუმის გადაზიდვა, რაც ისედაც დაბინძურებულ ქალაქს, სავალალო მდგომარეობაში აყენებს. ეს მაშინ, როდესაც არსებობს ჭიათურა-ზესტაფონის რკინიგზა, რომლის უმთავრეს დანიშნულებასაც სწორედ მანგანუმის სარკინიგზო მეშვეობით გადაზიდვა წარმოადგენს. თუმცა იმის გამო, რომ სარკინიგზო გადაზიდვა კომპანიას შედარებით ძვირი უჯდება, მანგანუმის საავტომობილო გზით გადაზიდვას ამჯობინებს.

    ცალკე აღნიშვნის ღირსია მდ. ყვირილას ხეობა, რომელიც მანგანუმის რეცხვის გამო, ფაქტიურად შლამის კალაპოტად იქცა, სადაც ყველანაირი ცოცხალი არსება განადგურებულია. როგორც ცნობილია, მდ. ყვირილა ზესტაფონთან უერთდება მდ. რიონს, რომელიც თავის მხრივ, შავ ზღვაში ჩაედინება. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ მდ. ყვირილაში, ნორმების უხეში დარღვევით, განხორციელებული მანგანუმის რეცხვითი სამუშაოები, ზიანს აყენებს მთელი დასავლეთ საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

    როგორც ცნობილია, სოფ. შუქრუთის მაცხოვრებლების პროტესტის პარალელურად, დიდი ვნებათაღელვაა რიონის ხეობაში, კომპანია „ენკას“ მიერ დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ცნობილია, ისიც, რომ ახლახან კომპანია „ენკას“ დირექტორად დაინიშნა მერაბ ლომინაძე, პიროვნება, რომელიც ორიოდ წლის წინ „ჯორჯიან მანგანეზის“ ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სწორედ მერაბ ლომინაძეს, ნიკოლოზ ჩიქოვანსა და კომპანიის სხვა ხელმძღვანელი პირების მიმართ ჰქონდათ უნდობლობა სოფ. შუქრუთისა და დაზარალებული სხვა სოფლების მაცხოვრებლებს, რომლებიც წაყენებული მოთხოვნების სანაცვლოდ, ცრუ დაპირებებს იძლეოდნენ. იმედია, ბ-ნ მერაბ ლომინაძეს, მისი ახალი თანამდებობიდან გამომდინარე, „ენკას“ დირექტორის პოსტზე, მეტი საშუალება ექნება გაითვალისწინოს მის მიერ დაგროვილი ნეგატიური გამოცდილება და იზრუნოს, ინვესტორის ინტერესებთან ერთად, მოსახლეობის ინტერესებზე და რიონის ხეობის ეკოლოგიურ პრობლემებზე.

    თუკი ზოგად ჭრილში შევხედავთ პრობლემას, დავინახავთ, რომ საქართველოში არსებული დიდი კომპანიები (რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის უმთავრესი შევსების წყაროს წარმოადგენენ) საკუთარი საქმიანობის პარალელურად, დიდ პრობლემებს აჩენენ ქვეყანაში. ამის მაგალითია, ჭიათურაში არსებული კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, კომპანია RMG (რომელიც ოქროს მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს კაზრეთში), რუსთავის მეტალურგიული და აზოტის ქარხნები, კასპში არსებული „ჰაიდელბერგის“ ცემენტის ქარხანა და უამრავი სხვა. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის შევსება და სამუშაო ადგილები აუცილებელია, თუმცა, ეს არ უნდა ხდებოდეს ეკოლოგიური პრობლემებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე, რაც საბოლოო ჯამში ძალიან ძვირად უჯდება ქვეყანას.

    სწორედ ზემოაღნიშნული უნდობლობიდანაა გამომდინარე ის პროტესტის ტალღა, რომელმაც განსაკუთრებით წარმოაჩინა თავი უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით „ნამახვანჰესსა“ და „ჯორჯიან მანგანეზთან“ მიმართებაში. მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს დიდ კომპანიებსა და სახელმწიფოს შორის დადებულ კონტრაქტებს, არ სჯერა მათი დაპირებების და სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს კონტრაქტების გაფორმების პროცესში, რათა მაქსიმალური გარანტიები მიიღოს მომავალში, რომ გაფორმებული კონტრაქტების შემდეგ, არ დაზარალდება მათი და მათი შვილების ჯანმრთელობა, ზიანი არ მიადგება მათ კერძო საკუთრებას და არ მოუწევთ აყრა  მამაპაპისეული ადგილებიდან.

    ეს ყოველივე, შეიძლება წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს იმ ფონზე, როდესაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, მანგანუმის საბადოებით აღფრთოვანებული უცხოელი ინვესტორები ჭიათურისა და მისი მოსახლეობის წარმოუდგენელ გამდიდრებას წინასწარმეტყველებდნენ. რეალობაში კი, ერთი საუკუნის შემდეგ, საპირისპირო მივიღეთ – მანგანუმის ვანდალურად მოპოვების გამო, ჭიათურა, ეკოლოგიურად, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად გვევლინება, ხოლო მისი მოსახლეობა გაღარიბებული და დასნეულებული. იმედს გამოვთქვამთ, რომ რიონის ხეობაში განსახორციელებელი პროექტების დროს, იგივე შეცდომები არ იქნება დაშვებული, რაც ჭიათურასთან მიმართებაში განხორციელდა.

    ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნებოდა, როგორც სახელმწიფოს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებს  მეტი ყურადღება დაეთმოთ ამ საკითხებისადმი, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს  პატარა რაიონების მაცხოვრებელთა პრობლემებს ეხება, თუმცა, ისინი გაცილებით ღრმა და შემაშფოთებელ კონტურებს ხატავენ მთელი ქვეყნისათვის.    

    ავტორი: დავით კაპანაძე, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი. 

ქართული ენერგეტიკის ისტორია ნაწილი I

Read More

  • თუკი დეტალურად გადავხედავთ საქართველოს ენერგეტიკის ისტორიას, დავინახავთ, რომ იგი 150 წელზე მეტ პერიოდს ითვლის. ნიშანდობლივია ისიც, რომ ელექტოენერგიის დანერგვა ქვეყანაში საქართველოს დიდ მამულიშვილებს უკავშირდება. კერძოდ კი ისეთმა გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწეებმა, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და  ნიკო ნიკოლაძე, თავიანთი ხედვებით და იდეებით ფაქტიურად დროს გაუსწრეს და საფუძველი ჩაუყარეს საქართველოში  ელექტროფიცირების დასაწყისს.

    jskbhskaudhiuasdhiuas
    ნიკო ნიკოლაძე

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში  ენერგეტიკის განვითარება XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება. გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ და ეკონომისტმა ნიკო ნიკოლაძემ, 1884 წლის 20 ნოემბერს ქალაქის საბჭოში შეიტანა წინადადება, რომლის მიხედვითაც, თბილისის ქუჩების განათება, ნავთის ლამპიონების ნაცვლად, ბუნებრივი გაზის ან ელექტროენერგიით უნდა განხორციელებულიყო. თუმცა, საბჭომ კიდევ დიდხანს ვერ მიიღო გადაწყვეტილება, თუ რომელი საშუალება გამოეყენებინათ დედაქალაქის გასანათებლად. შესაბამისად, 1903 წლამდე, თბილისის ქუჩები კვლავ ნავთის ლამპიონებით ნათდებოდა. აღნიშნული  შეთავაზების გარდა, ნიკო ნიკოლაძემ ასევე განაცხადი შეიტანა იმაზე, რომ ქალაქს გადაცემოდა ბიბლიოთეკა. თუმცა წინადადება წინადადებადვე დარჩა. ყველა ეს შეთავაზება უარყოფილ იქნა ქალაქის საბჭოში, იმ მიზეზით, რომ – ,,ბატონი ნიკოლაძის წინადადება ატარებს არისტოკრატიულ წამოწყებას, რადგან იგი წარმოადგენს ზრუნვას მხოლოდ პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე“ (ციტირება და ინფორმაცია არის მოძიებული იუსტიციის სამინისტროს ისტორიული არქივიდან ფონდი: 192 აღწერა: 4 დოკუმენტი: 53).

    ილია ჭავჭავაძე

    რაც შეეხება პირველ ელექტროსადგურს, იგი საქართველოში 1887 წელს შეიქმნა და თბილისის ქართული  დრამატული თეატრის გასანათებლად გამოიყენებოდა. ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად დამონტაჟებული იყო თბური ძრავები. სამუშაოები  შვედურმა კომპანია “ბლანშე”-მ ჩაატარა. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი კი დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო  მოღვაწე ილია ჭავჭავაძე იყო.

    აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, ელექტროფიცირების პროცესი მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლებოდა, მან მოიცვა საქართველოს სხვა რეგიონებიც. 1897 წელს რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის ვაჟის, მიხეილ  რომანოვის განკარგულებით, ბორჯომის მინერალური წყლების ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექციის წევრს – ვინმე მოლდენგაუერს, ლიკანის სასახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაევალა.  

    სწორედ რომანოვების სასახლის განათებას უკავშირდება პირველი ჰიდროელექტროსადგურის ამოქმედება საქართველოში, რომლის მშენებლობაც 1898 წელს განხორციელდა  ბორჯომის ხეობაში.   მშენებლობის ინიციატორი ზემოხსენებული მოლდენგაუერი იყო.  აღნიშნულ ჰიდროელექტროსადგურს 103 კილოვატი სიმძლავრის  ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო, ეს სიმძლავრე სრულად აკმაყოფილებდა იმ მომენტისთვის დამკვეთის მოთხოვნებს. როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო პირველი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებდა იმ პერიოდში საქართველოში და იგი, თბილისში დამონტაჟებულ თბურ ძრავებთან ერთად, ქვეყნის ელექტრიფიკაციის პირველ ნაბიჯებს წარმოადგენდა.

     ამის შემდეგ, ელექტროფიცირების პროცესი სწრაფად გავრცელდა, როგორც თბილისის სხვა უბნებში, ისე საქართველოს  რეგიონებშიც. მაგალითად, საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ 1899 წელს 3 მარტს თბილისის გუბერნატორს  შუამდგომლობით მიმართავს სააქციო საზოგადოება ,,ადელხანოვი და კომპანიის“ დამაარსებელი ბატონი ადელხანოვი, სადაც იგი ითხოვს ნებართვას, მოახდინოს ვორონცოვის ქუჩაზე მდებარე მისი ქარხნის ელექტროფიცირება. თანხმობის მიღების შემდეგ, იმავე წლის 28 სექტემბერს, ქარხანა აღიჭურვა ავტონომიური თბოსადგურით, რა დროსაც გამოყენებულ იქნა: ,,ტანგეს“ ქარხნის ,,არჩერის“ ტიპის თბომანქანა და დინამო. ზემოთ ხსენებული ტექნიკა მზადდებოდა დიდ ბრიტანეთში, კერძოდ, ქალაქ ბირმინგემში. აღნიშნული თბომანქანით მოძრაობაში მოდიოდა დინამო, რომელიც წუთში 250 ბრუნს ახდენდა, რითიც გამოიმუშავებდა 225 ამპერს. (მასალა მოძიებულია იუსტიციის სამინისტროს ისტორიული არქივიდან ფონდი: 204 არქივის ნომერი: 4132).

    1900 წლის ივლისის თვეში საფუძველი ჩაეყარა თბილისისათვის უპრეცედენტო პროექტს – ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის სარკინიგზო/საკაბელო ხაზის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. „ბელგიის ანონიმური საზოგადოება“ ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდევი იყო, აგრეთვე, მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ განხორციელდა.

    ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო და მის დაპროექტებაში ძირითადად მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა, აგრეთვე, ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

    ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა ნიკო ფიროსმანმა. მგზავრობის პირველი მსურველების და მოსეირეების წასახალისებლად, ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა. (მასალა არის მოძიებული ვიკიპედიაში, თბილისის ფუნიკულიორის არქივი) დიდი ალბათობით, ფუნიკულიორის ელექტროობით უზრუნველყოფა აქაც წარმოებდა ავტონომიური თბოსადგურით, რა დროსაც, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნებოდა თბომანქანა და დინამო. ზემოთ აღნიშნულ საკითხზე მოსაზრება არის მოყვანილი ჩვენს მიერ მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, თუ როგორ ხდებოდა იმ პერიოდში ავტონომიური თბოსადგურების მოწყობა ისეთ ელეტროფიცირებულ დაწესებულებებში, როგორიც იყვნენ თბილისის ქართული  დრამატული თეატრი და ,,ადელხანოვი და კომპანიის“ ქარხანა.

    საინტერესო ფაქტებს ვაწყდებით აგრეთვე, საარქივო მასალებში საქართველოს სხვა რეგიონების ელექტროფიცირებასთან დაკავშირებითაც: მაგალითად, 1914 წელს მაშინდელ ტიფლისის გუბერნატორთან შედის განსახილველად, ქალაქ სიღნაღში ელექტროსადგურის მშენებლობის გენერალური გეგმა (იმ პერიოდში ქალაქი სიღნაღი შედიოდა ტიფლისის გუბერნიის შემადგენლობაში). აღნიშნული გეგმა განხილული და დამტკიცებული იქნა 1914 წლის 23 მაისს, გაიცა ნებართვა გამოყოფილიყო ყველა საჭირო სახსრები, რათა უმოკლეს პერიოდში მომხდარიყო ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება. (მასალა მოძიებულია იუსტიციის სამინისტროს ისტორიული არქივიდან ფონდი: 204 არქივის ნომერი : 4050).  

    აღსანიშნავია, ისიც, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ჩატარებული კვლევებით გაირკვა, რომ საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები მოიაზრებოდა – ამ მიმართულებით კი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი განსაკუთრებით შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ამაზე მეტყველებდა მაშინდელი მეცნიერული გათვლები, რომლის მიხედვითაც, არსებული წყლის რესურსების მიხედვით  (მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები) პროცენტულად, საქართველოს მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეკავა.

    უკვე 1913 წლის ბოლოსათვის საქართველოში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური  და  რამდენიმე  ათეული თბოძრავიანი ელექტროსადგური ფუნქციონირებდა, რომელთა საერთო ჯამური სიმძლავრე 9 მგვტ-ს შეადგენდა, ხოლო წლიური გამომუშავება თითქმის 216 ათასი კვტ.სთ-ს.

    XX საუკუნის ოციანი წლებიდან საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ ფართო მაშტაბები მიიღო:  1927 წელს აშენდა ავჭალის ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ (დადგმული სიმძლავრე – 36,8 მგვტ.); 1928 წელს – „აბჰესი“, 1934 წელს – „რიონჰესი“. 1941 წლისათვის საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 180 მგვტ-ს შეადგენდა.

    აღნიშნულის პარალელურად, საქართველოში არსებული ქვანახშირის საბადოების ფართომასშტაბიანმა დამუშავებამ და ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების ზრდამ,

     შექმნა თბოელექტროსადგურების მშენებლობის წინაპირობა. 1938 წელს ჩაირთო ტყვარჩელის თბოსადგურის პირველი აგრეგატები და თბილისის თბოელექტროსადგური.

    დაიწყო საქართველოში ენერგეტიკის განვითარების ახალი ეტაპი,  რაზეც აუცილებლად შემდეგ ნაწილებში ვისაუბრებთ.

    ავტორი: ლაშა ბრეგვაძე, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი

ქართული ენერგეტიკის ისტორია : ნაწილი II

Read More

  • საბჭოთა წყობილების დამყარებამდე საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსები თითქმის სრულიად გამოუყენებელი იყო. აქ 1913 წელს არსებობდა მხოლოდ 70 ერთმანეთისგან იზოლირებული პატარა ელსადგური, რომელთა საერთო სიმძლავრე 1 000 ცხ. ძალას არ აღემატებოდა; მათგან ყველაზე დიდის _ სოხუმის ჰიდროელსადგურის სიმძლავრე 400-კვტ–ით განისაზღვრებოდა. თბოელექტროსადგურებს შორის ყველაზე მძლავრი იყო თბილისის ტრამვაის ელექტროსადგური, რომელიც ქვანახშირზე მუშაობდა და რომლის საერთო სიმძლავრე დაახლოებით 2 000 კილოვატს შეადგენდა. თბილისში მუშაობდა 45-მდე წვრილი თბოელექტროსადგური, რომელთა შორის ბევრი 10-15 ცხენის ძალის სიმძლავრის დანადგარს წარმოადგენდა. 1913 წელს საქართველოს ყველა ელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 8,0 ათას კვტ-ს შეადგენდა. იმ პერიოდისთვის თითქმის ყველა სადგურის ძალური დანადგარები უკვე მოძველებული და გაცვეთილი იყო. 1913 წელს სულ გამომუშავებულ იქნა 20 მლნ კვტ/სთ ენერგია. რასაკვირველია, ელექტროენერგეტიკული ბაზის უმნიშვნელო განვითარება ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდულობის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო. საქართველოს ქალაქები _ თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და ფოთი თითქმის სრულიად ჩაბნელებული იყო. 1913 წელს ელექტროენერგიის წლიური საშუალო წარმოება მოსახლეობის ერთ სულზე 7,9კვტ საათს შეადგენდა. “ელექტრონით განათება ფუფუნების საგანს წარმოადგენდა და მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილისთვის იყო ხელმისაწვდომი” (მასალა მოძიებულია http://geworld.ge-ზე )

    პირველი ჰიდროელექტროსადგური რომელიც დღევანდელ სიმძლავრეებს შეესაბამებოდა საქართველოში აიგო მდინარე მტკვარზე ქალაქ თბილისის მიმდებარედ, ახლანდელი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის და არაგვის შესართავის მახლობლად. თბილისის გაზრდილი კომუნალური და სამრეწველო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მსხვილი ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხი ჯერ კიდევ რევოლუციამდე იყო მსჯელობის საგანი. არსებობდა ჰესის მშენებლოობის რამდენიმე პროექტი-წინადადება, რომლებიც ითვალისწინებდა ჰესის აგებას: უშუალოდ ქალაქში ე. წ. მადათოვის კუნძულის მიდამოებში (1904-1905 წლებში ბელგიელი ინჟინერი მეტცემი); მდინარე არაგვზე სოფელ წიწამურთან (1907 წ., ინჟინრები ა. ანდრეევი, ნ. ზვორიკინი); მდინარე ხრამზე სოფ. არუხლოსთან (1920 წ. ინჟინრები ავალიშინი, კოჟევნიკოვი, ზვორიკინი, საქართველოს ქალაქების კავშირის ინიციატივით) და სხვა. პროექტის განხორციელება ნაგულისხმევი იყო უცხოელი კონცენსიონერების დახმარებით. 1920 წლის ნოემბრიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიწათმოქმედების სამინისტრო ამზადებდა ხელშეკრულების პროექტს, წიწამურიდან ზემო ავჭალამდე მტკვრისა და არაგვის ენერგიის გამოყენების უფლების შვედეთის ფირმებისათვის გადაცემის თაობაზე.

    მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების რთული შინაპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობისა, მაშინდელმა ხელისუფლებამ შეძლო დაეწყო მუშაობა დიდი ჰესის მშენებლობისათვის.

    სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ჰიდრომშენმა ჩაატარა ინსტრუმენტული საძიებო სამუშაოები, დაამუშავა საველე მასალა და დაიწყო დამუშავება ინჟინერ მელიქ-ფაშაევის მიერ წამოყენებული ესკიზური პროექტისა, რომელიც ითვალისწინებდა მდინარე არაგვის ბოლო მონაკვეთის (ბებრის ციხიდან შესართავამდე) და მდინარე მტკვრის (მდინარე არაგვთან შეერთების ადგილიდან დიღმის რკინიგზის ხიდამდე) გამოყენებას.

    1922 წლის I ნახევარში იყო კიდევ ერთი წინადადება თვით თბილისში 10 000 ც. ძ-ის ცენტრალური თბოსადგურის აგებისა (ინჟინერი ი. ვაწაძე) სპეციალური საექსპორტო კომისიების დასკვნებით უპირატესობა მიეცა ჰესის მშენებლობას ზემოთ უკვე ნახსენებ სქემებში — ზემო ავჭალასა მდინარე მტკვარზე.

    ზაჰესის მშენებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისათვის. 1922 წლის 23 მაისს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების თბილისის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ზემო ავჭალასთან 12 ათ. ც. ძ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ.

    ტფილისის საბჭოს პრეზიდიუმმა 1922 წლის 20 ივნისს დაამტკიცა ზაჰესის მშენებლობის სქემა და ჩამოაყალიბა ზაჰესკომი.

    ზაჰესკომმა და მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელებმა დიდი ორგანიზაციული და პრაქტიკული მუშაობა ჩაატარეს, ზაჰესის მოკლე დროში და მაღალ ტექნიკურ დონეზე აშენებისათვის.

     1923 წლის 16 იანვარს ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლის საფუძველზე 1923 წლის I კვარტალში, თბილისის საბჭომ, ზაჰესის მშენებლობისათვის საკავშირიო სახსრებიდან მიიღო ოქროს 750 ათ. მანეთი. შემდგომ წლებშიც სსრკ-ის მთავრობა სისტემატურად ეხმარებოდა მშენებლობას ფინანსურად.

    შერჩეულ ადგილზე წყლის რესურსების შემოწმების შემდეგ, საბჭოთა და უცხოელი სპეციალისტების რჩევისა და ადგილობრივი სპეციალური საექსპერტო კომისიის დასკვნის საფუძველზე, ზაჰესის პირველი რიგის აგრეგატების სიმძლავრე განისაზღვრა 18 ათ. ც. ძ-ის ოდენობით (ნაცვლად გათვალისწინებული 10 ათ. ც. ძ-ისა). ჰიდროტექნიკური ნაგებობის აგებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ საბოლოო საპროექტო სიმძლავრე (36 ათ. ც.ძ.).

    ზაჰესკომის გადაწყვეტილებით, ელექტრომექანიკური მოწყობილობები დაუკვეთეს საბჭოთა რუსეთის ქარხნებს, რომლებიც აღდგენითი პერიოდის მძიმე წლებში საჭიროებდნენ დახმარებასა და მხარდაჭერას. გამონაკლისი იქნა დაშვებული ტურბინების დამზადების საკითხში — საჭირო ოთხი ტურბინიდან ერთი (1500 ც. ძ.) უნდა დამზადებულიყო ლენინგრადის ლითონის ქარხანაში „ფრიცნოიმაიერის“ ქარხნის ნახაზების მიხედვით, ხოლო დანარჩენი სამი — „ფრიცნოიმაიერის“ ქარხანაში (გერმანია).

    ჰესის პირველი რიგი 1927 წლის 9 აპრილს გადაეცა საექსპლუატაციოდ. სრული სიმძლავრით ზაჰესი 1938 წელს ამუშავდა — დაემატა კიდევ ოთხი ტურბინა. საერთო ჯამში ზაჰესის დადგმულმა სიმძლავრემ 36,8 ათ. კვტ. შეადგინა, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 20,3 მლნ. კვტ. სთ-ს შეადგენდა. ჰიდროკვანძში შედიოდა სათავის ბეტონის კაშხალი (სიმაღლე 34 მ), წყალმიმღები, სადერივაციო არხი (სიგრძე 3 კმ), სადაწნეო აუზი და ჰესის შენობა. კაშხალი ქმნიდა სადღეღამისო რეგულირების წყალსაცავს. სადგურმა უდიდესი როლი შეასრულა დიდი სამამულო ომის პერიოდში მრეწველობისა და ტრანსპორტის ელექტროენერგიით მომარაგების საქმეში. 1952 წელს ზაჰესი მთლიანად ავტომატიზებული და ტელემექანიზებული გახდა, ამით მისი სიმძლავრე საპროექტოსთან შედარებით კიდევ 15%-ით გაიზარდა.

    1923 წელს მდინარე აბაშაზე დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის (აბჰესი) მშენებლობა _ 1,1 ათასი კვტ სიმძლავრით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 1928 წელს. იმავე წელს დაიწყო მდინარე აჭარისწყალზე 16 ათას კვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსდგურის (აჭჰესის) მშენებლობა. არახელსაყრელი გეოლოგიური პირობების გამო მისი მშენებლობა გაჭიანურდა და ექსპლუატაციაში შევიდა მხოლოდ 1937 წელს.

    რიონის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდინარე რიონის ორივე ნაპირზეა განთავსებული მდებარეობს იმერეთის რეგიონში,  ქ. ქუთაისის ერთ-ერთი უბნის ჭომას მიმდებარე ტერიტორიაზე. ჰიდროელექტროსადგური იყენებს მდ. რიონის შუა დინების წელის ენერგეტიკულ პოტენციალს, წყლის დონის აწევის მიზნით მდ. რიონზე, ჭომას დასახლებაში აგებულია რკინაბეტონის კაშხალი. წყალი სადერივაციო სისტემის საშუალებით მიედინება რიონჰესის ძალოვან კვანძში. გამოყენებული წყალი გამყვანი არხით ჩადის მდ. ყვირილაში. რიონის ჰიდროლექტროსადგურის მშენებლობის იდეა უკავშირდება საქართველოში ფერომარგანეცის წარმოებას. 1924 წელს შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა როგორც ფერომარგანეცის ქარხნის, ასევე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესაძლებლობის შესწავლა. 1925 წელს პროფესორმა ა. ლიუდინმა დაამუშავა რიონის ჰიდროექტროსადგურის ესკიზური პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მდ. რიონზე 16,3 მ შეტბორვის სიმაღლის ფარებიანი წყალსაშვები კაშხლის მშენებლობას – გრძელი მიწის შემაერთებელი დამბით და 1337,0 მ სიგრძის სადაწნეო გვირაბით, რომლითაც იკვეთებოდა კირქვების კარსტული უბანი და მდ. რიონის წყალი ვარდებოდა მდ. წყალწითელაში. გამოყენებული ვარდნა შეადგენდა 42,5 მ-ს და გვირაბის ბოლოს გათვალისწინებული იყო გამთანაბრებელი რეზერვუარის მოწყობა. პროექტი ითვალისწინებდა 10,0 მ³/წ საანგარიშო წყლის ხარჯს. მცირე ჰესის ნომინალური სიმძლავრე შეადგენდა 9,0 მგვტ-ს, ხოლო ჰიდროკვანძის ჯამური დადგმული სიმძლავრე, მცირე ჰესის ჩათვლით – 29,43 მგვტ-ს. 1926-1927 წლებში ინჟინერმა მელიქ-ფაშაევმა შეადგინა ახალი პროექტი, რომელიც ი. ლიუდინის პროექტის სახეცვლილ ვარიანტს წარმოადგენდა. მელიქ-ფაშაევის პროექტით, დერივაციის სიგრძე გაიზარდა 9,0 კმ-მდე, ჰესზე გამოყენებული ვარდნის სიმაღლის 61.0 მმდე გაზრდით. შედეგად ჰიდროელექტროსადგურის დადგმულმა სიმძლავრემ შეადგინა 48,0 მგვტ. რიონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 1927 წელს. პირველი ჰიდროაგრეგატი ამუშავდა 1933 წელს, სადგური ექსპლუატაციაში შევიდა 1934 წელს. აღსანიშნავია, რომ სათაო ნაგებობები განთავსებულია მდინარე რიონზე, ქ. ქუთაისის შესასვლელში, ხოლო ძალოვანი კვანძი ქ. ქუთაისის რკინიგზის სადგურის სიახლოვეს.

    (მასალა მოძიებულია ენერგო-პრო გორგიას სკრინინგის ანგარიშიდან. file:///C:/Users/User/Downloads/სკრინინგის%20ანგარიში).

    მხოლოდ ზემოთ ხსენებული ჰესების მწყობრში შესვლის შემდეგ შესაძლებელი გახდა ელექტროსადგურების სიმძლავრეთა რაციონალური გამოყენება, მსხვილი რაიონული სადგურების დარკალებისა და ერთიანი ელექტროენერგეტიკული სისტემის (“საქენერგო”) შექმნის გზით. “საქენერგოს” სისტემაში 1945 წლის დასასრულისათვის გაერთიანებული იყო 7 ელექტროსადგური, რომლის პარალელურად მომხმარებლებს აწვდიდნენ ენერგიას მაღალი ძაბვის ელგადამცემი ხაზით.

    ელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობაზე კაპიტალური დაბანდების საერთო მოცულობა (ფაქტობრივი ღირებულებით) შეადგენდა: აღდგენით პერიოდში _ 29,8 მლნ მანეთს, პირველ ხუთწლედში _ 69,8 მლნ მანეთს, მეორე ხუთწლედში _ 229,9 მლნ მანეთს (ე.ი., პირველ ხუთწლედთან შედარებით 229,3%-ით მეტს); მესამე  ხუთწლედის პირველ სამ წელს _ 123,6 მლნ მანეთს. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი რესპუბლიკის მრეწველობაში კაპიტალურ დაბანდებათა 1/5-ზე მეტი დახარჯული იყო ელექტროენერგეტიკული მეურნეობის მშენებლობაზე, რამაც უზრუნველყო სახალხო მეურნეობისთვის მძლავრი ელექტროენერგეტიკული ბაზის შექმნა. იმატებდა, აგრეთვე, ელექტროენერგეტიკული მეურნეობის ძირითადი ფონდებიც. 

    ელექტროსადგურებისა და გადამცემი ხაზების მშენებლობაზე კაპიტალური დაბანდების საერთო მოცულობა (ფაქტობრივი ღირებულებით) შეადგენდა: მხოლოდ “საქენერგოს” სისტემის ძირითადი ფონდების ღირებულება შეადგენდა 1932 წელს _ 13,8 მლნ მანეთს, 1937 წელს – 125,7 მლნ მანეთს, 1940 წელს _191,3 მლნ მანეთს, ხოლო 1945 წელს _ 277,9 მლნ მანეთს, ე. ი. ამ ხნის განმავლობაში 19-ჯერ მეტად გაიზარდა. მსხვილი და წვრილი ელექტროსადგურების მშენებლობა წარმოებდა უპირატესად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ხაზით, რაც შეესაბამებოდა  მაშინდელი რესპუბლიკის სათბობ–ენერგეტიკული რესურსების სტრუქტურას (მასალა მოძიებულია http://geworld.ge-ზე).

    ამით დავასრულეთ საქართველოში ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო ეტაპი,  შემდეგ ნაწილში, რომელიც უკვე სამამულო ომის დასრულების შემდეგ იწყება,  აუცილებლად ვისაუბრებთ ენერგეტიკის განვითარების შემდეგ ეტაპზე.

    ავტორი: ლაშა ბრეგვაძე, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი

     

ქართული ენერგეტიკის ისტორია: ნაწილი III

Read More

  • საბჭოთა საქართველოში ჰესების მშენებლობა მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე მეტად სოციალიზმის, უფრო ზუსტად კი, კომუნიზმის მშენებლობასთან ასოცირდებოდა. ჰესების მშენებლებს აჯილდოებდნენ სტალინურ-ლენინური პრემიებით და მედლებით, აწინაურებდნენ სამსახურში, საკუთრივ ელექტროსადგურებს კი უძღვნიდნენ ლექსებს, პოემებს, მხატვრულ ტილოებსა და კანტატებს. ასე იყო ზაჰესის, რიონჰესის, ჟინვალჰესის, ენგურჰესის და სხვა ჰესების შემთხვევაში, ვიდრე ხუდონამდე. სწორედ ხუდონჰესი შეიძლება მივიჩნიოთ სამამულო “ჰესოფილიის” შემობრუნების წერტილად, ეროვნული “ჰესოფობიის” სათავედ და ეკოლოგიური აზროვნების პირველ გამოღვიძებად, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ეროვნულ მოძრაობასთან ერთად იშვა. თუმცა მოდით სანამ ამ საკმაოდ მტკივნეულ და აქტუალურ თემას შევეხებოდეთ, რომელიც დღესაც კი თითქმის 40 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგაც საკმაოდ აქტუალურად დგას საქართველოს მოსახლეობის წინ, გავიაროთ ისეთი დიდი და ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ჰესების აშენების და დაპროექტების ისტორია, როგორებიცაა  ენგურჰესი და ჟინვალჰესი, გავიაზროთ თუ როგორი  პროგრესი და ქვეყნის წინსვლა და განვითარება გამოიწვია მათმა ექსპლუატაციაში შესვლამ. 

     „დღეს ჩვენს მიწა-წყალზე შენდება ენგურჰესი, ჟინვალჰესი, ვარციხჰესი, ალაზნის სარწყავი სისტემა, მადნეული, ქალაქებს ემსგავსებიან აწინდელი დაბები… მთების გულში გვირაბებიც კი უნდა გაიყვანონ… მშენებლობის ისეთი გეგმა დაისახა, წარსულში ოცნებაც რომ არ შეგვეძლო“, – წერდა მწერალი ნოდარ წულეისკირი 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობიდან გაკეთებულ საგაზეთო რეპორტაჟში, რომლის პოზიტიურ ტონში ერთადერთ პრობლემად გამოსჭვიოდა დემოგრაფიული ბალანსის დარღვევის შიში, შენიღბული ადგილობრივი კადრების სიმცირეზე ჩივილით: „ვინ უნდა განახორციელოს ეს დიდი გეგმა? ჩვენს მიწაზე ჩვენ თვითონ უნდა ავაშენოთ საკუთარი სახლ-კარი (მასალა მოძიებულია შემდეგ საიტზე):

    https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D-%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-/31199451.html)

    ასე გამოიყურებოდა ენგურჰესისი მშენებლობის დროინდელი პუბლიკაციები, სადაც ისევ აქტუალური იყო ის პრობლემები, რომლებიც 40 წელია არ კარგავს აქტუალურობას.

    ენგურჰესის მშენებლობა ქართული ტექნიკური აზროვნების ისტორიაში ყველაზე თამამი ჩანაფიქრის განხორციელება იყო. ეს იდეა ითვალისწინებდა უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობის ურთულესი კომპლექსის აგებას, რასაც ბევრი სპეციალისტი ეჭვით უყურებდა. პროექტის დასაბუთებისა და დამტკიცებისათვის უდიდესი წინააღმდეგობის გადალახვა გახდა საჭირო. სკეპტიკოსები ამგვარი ტიპის მშენებლობას ფანტასტიკურ ჩანაფიქრად და უტოპიად მიიჩნევდნენ. ოპტიმისტებს მშენებლობის მასშტაბურობა და რელიეფის სირთულე აფრთხობდა, იდეის მომხრეებს მომავალი თაღოვანი კაშხლის გრანდიოზულობა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემა უკარგავდა მოსვენებას.

    1955 წლის პირველ ნახევარში კომპლექსურმა ექსპედიციამ ჩაატარა ენგურისა და მისი შენაკადების ხეობების ბუნებრივი პირობების ჰიდროენერგეტიკული და საინჟინრო–გეოლოგიური გამოკვლევები. ჰიდროგეოლოგიურმა კვლევითმა ექსპედიციამ 50 კაცის შემადგენლობით ფეხით მოიარა სვანეთის მთების ციცაბო კალთები, ენგურისა და მისი შენაკადების კლდოვანი კალაპოტები. მათი მთავარი მიზანი ნიადაგურ–კლიმატური და გეოლოგიურ–ტოპოგრაფიული სამუშაოების ჩატარება იყო. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ რელიეფის არაერთგვაროვნება, სეისმომედეგობის რისკი, გრუნტისა და ნიადაგის მრავალფეროვნება ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობისადმი განსაკუთრებულ, არაორდინალურ მიდგომას მოითხოვდა. როგორც ცნობილია, ენგურჰესის ობიექტი ათობით კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული ჯვარიდან შავ ზღვამდე.

    ქართულ სამეცნიერო და სპეციალურ საპროექტო ორგანიზაციებს არ გააჩნდათ ასეთ ნაგებობათა პროექტირებისა და მეცნიერულად დასაბუთების საკმარისი გამოცდილება, რის გამოც მათ დიდი დრო მოანდომეს რიგი საკითხების გამოკვლევასა და შესწავლას, სახელდობრ: თაღოვანი კაშხლის საფუძველის – კლდოვანი გრუნტის სიმტკიცის, ძვრების და ფილტრაციის მახასიათებლების, ცემენტაციის საშუალებით კლდოვანი გრუნტის განმტკიცებას, ცდების საშუალებით ცემენტაციის ფარდის მდგრადობის დადგენას; მოდელირებისა და თეორიული გამოკვლევების საშუალებით თაღოვანი კაშხლის ფორმის, პროფილისა და დაძაბული მდგომარეობის დადგენას წრიული და არაწრიული მოხაზულობის შემთხვევაში, როდესაც მშენებლობის და ექსპლუატაციის პირობებში სხვადასხვა სახის დატვირთვა მოქმედებს; კაშხლის მოდელურ გამოკვლევას ვიბრაციის შემთხვევაში, როდესაც მუშაობს წყალსაგდები; მაღალი დაწნევის გვირაბის შიდა მოკეთების, დიდი სამთო გამონამუშევრების დაძაბული მდგომარეობის, ენგურის ერისწყლის აუზში გადაგდებასთან დაკავშირებით ჯვარისა და გალის წყალსაცავების ნაპირებისა და ზღვის სანაპირო ზოლის გამოკვლევას ანაკლიის რაიონში; ბეტონის მდგომარეობის შესწავლას და ბეტონის შემადგენლობის შერჩევას თაღოვანი კაშხლის და სხვა ნაგებობებისათვის; კასკადის მეორე საფეხურის მიწის კაშხლის გრუნტის, უნიკალური ჰიდროძალური და ელექტრული მოწყობილობების, დანადგარებისა და სხვ. გამოკვლევას.

    ენგურჰესის აგებით და მისი ექსპლუატაციაში გაშვებით გაუმჯობესდა არა მარტო საქართველოს ელექტროენერგეტიკის მდგომარეობა, არამედ ძვირფასი სუბტროპიკული მიწების მორწყვისა და ჭაობების დაშრობის საკითხებიც. ის მიწები, რომელთა ფართობი 17 ათ. ჰა-ს აღემატება, ენგურისა და ერისწყლის ქვედა ნაწილშია და გამოიყენება ჩაის, ციტრუსებისა და ზეთოვანი სუბტროპიკული კულტურების გასაშენებლად. ჯვარის წყალსაცავის ქვეშ ყვებოდა 11 მცირე დასახლებული პუნქტი, სულ 62 ოჯახი (329 სული), საკოლმეურნეო ნაგებობები და ზოგიერთი სახელმწიფო ორგანიზაცია. ყველა ეს ხარჯებიც ანაზღაურდა. გარდა ამისა, ენგურჰესი წყალდიდობის საფრთხისაგან ათავისუფლებს 6500 ჰა მიწის ფართობს, რომელიც ასევე გამოსადეგია სუბტროპიკული კულტურებისათვის; ამასთან მყუდრო ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა 6000 ოჯახს (25 000 სულს), რომელთა გადასახლება სხვა შემთხვევაში აუცილებელი იყო წყალდიდობებთან დაკავშირებით.

    1960 წელს მდ. ენგურის კაშხალის მშენებლობის პროექტი ახლად იქნა დამუშავებული რამდენიმე ვარიანტად. განხილული იყო მდ. ენგურის ენერგეტიკული გამოყენების სამი პრინციპული სქემა: მდინარის გადაგდებით (მისი საწყისი დინებიდან) მდ. ენგურის გადაგდებით მდ. ერისწყალში და მათი ერთობლივი გამოყენებით (მდ. ენგურის შუა წელში) და მდ. ენგურის საკუთარი ვარდნების გამოყენებით.

    1960 წლის სქემაში დაწვრილებით იქნა განხილული ყველა წინასწარი არსებული სქემა და პირველად მომავალი კასკადის ყველა პასუხსაგებ ნაგებობაზე შესრულებული იყო საძიებო და საკვლევი სამუშაოები. ყველა ეკონომიკური და ენერგეტიკული მახასიათებლების გათვალისწინებით შერჩეული იქნა კასკადის ის ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებდა მდ. ენგურის დინების გადაგდებას მდ. ერისწყლის აუზში.  მდ. ენგურის კასკადის ძირითადი მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

    ჰესის

    დასახელება.

    კაშხალის სიმაღლე

    მ.

    სიმძლავრე

    მ. გ. ვ. ტ.

     

    წყალსაცავის

    მოცულობა

    მლმ³

      

    ენგურის

    271.5

    2300

     

    1110

    წყარო:

    https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%B0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1% 83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98

    საქართველოს ელექტროენერგეტიკული მრეწველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თბოელექტროსადგური ტყვარჩელში აშენდა (თბილისიდან 450 კმ). მშენებლობა დაიწყო 1933 წელს. თბოელექტროსადგურმა პირველი სამრეწველო დენი გამოიმუშავა 1938 წელს. იგი ელექტროენერგიით ამარაგებდა იმ დროისათვის უმსხვილეს საწარმოებს – ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანასა და ენგურის ცელულოზა-ქაღალდის კომბინატს. 1938 წელს თბოსადგურის დადგმული სიმძლავრე უდრიდა 24 ათ. კვტ. 1956-1958 წლებში ელექტროსადგური გააფართოეს, რის შედეგადაც მისი სიმძლავრე 125 ათ. კვტ-მდე გაიზარდა. 1977-1978 წლებში საექსპლუატაციოდ გადაეცა 110 ათ. კვტ. სიმძლავრის ტურბინა. 1979-1983 წლებში ჩატარდა საწარმოს სრული რეკონსტრუქცია; ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეც. 1938-1980 წლებში თბოსადგურმა  გამოიმუშავა 18 მლრდ. კვტ. სთ-ზე მეტი ელექტროენერგია და 1328 ათ. გკალ სითბო. სამწუხაროდ, სადგური დღეს უკაცრიელ შენობებადაა ქცეული.

    ასე გამოიყურება დღეს ტყვარჩელის თბოელექტროსადგური

    შემდეგი მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც საქართველოში აშენდა, არის ჟინვალჰესი.

    იგი ექსპლუატაციაში შევიდა 1985 წელს. კაშხალი  შედგება 4 აგრეგატისაგან, რომელთაგან თითოეულის სიმძლავრე, საშუალოდ, 32,5 ათასი კვტ-ია. ექსპლუატაციაში გაშვების პერიოდში, კაშხალის საშუალო წლიური გამომუშავება 390 მლნ.კვტ-ს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ მშენებლობის პროცესში გარკვეული უზუსტობები იქნა დაშვებული, რის გამოც საჭირო გახდა მისი მოდიფიცირება. მას შემდეგ რაც მოდიფიცირებული ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში შევიდა იგი  საშუალოდ 400 მლნ კვტ-ს გამოიმუშავებს.

    თუმცა აღსანიშნავია, რომ ჟინვალჰესის მშენებლობის გამო, სოფ. ჟინვალის დიდი ნაწილი დაიტბორა და შესაბამისად, სოფლის მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი გა­და­ა­სახ­ლეს სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, ძირითადად კი სოფ­ლე­ბის – არა­ნი­სი­სა და ბიჩ­ნი­გა­ურთკარს შო­რის, მცი­რე ნა­წი­ლი – სო­ფელ ჩინ­თის მახ­ლობ­ლად.

    აღსანიშნავია, რომ ჟინვალჰესის წყალ­სა­ცა­ვის შექ­მნის უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი მისი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეუწყვეტლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაში მდგო­მა­რე­ობ­და. როგორც ცნობილია, წყალ­სა­ცა­ვი ას­რუ­ლებს მდი­ნა­რე არაგ­ვის ზა­ფხუ­ლის რე­გუ­ლი­რე­ბის ფუნ­ქცი­ას. იგი ასევე უზრუნველყოფს ქა­ლა­ქე­ბის თბი­ლი­სი­სა და მცხე­თის ნაწილობრივ წყალ­მო­მა­რა­გე­ბას. როგორც ცნობილია, თბი­ლის­სა და მცხე­თას წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სხვა წყაროებიც გააჩნიათ.

    წყარო:  https://www.greens.ge/storage/publications/April2020/ofQtykWImm4ZutvsLF7c.pdf

    ამით დავასრულეთ საქართველოში ენერგეტიკის განვითარების კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპი. მომდევნო ნაწილში, უკვე ვისაუბრებთ მე-2 მსოფლიო ომის შემდგომ განხორციელებულ პროექტებზე.

     

    ავტორი: ლაშა ბრეგვაძე, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული